ლურჯი კეპები, მაისურები და ჟილეტები – გორში ავტობუსების მძღოლებისთვის უნიფორმებს შეიძენენ

521

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს უნიფორმებს შეუძენენ.

შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ამისთვის ბიუჯეტიდან 29 000 ლარია გათვალისწინებული. ტრანსპორტის სააგენტოს ამ თანხაში სურს შეიძინოს, 153 ერთეული ლურჯი ფერის კეპი, ამავე ფერის მაისური ლურჯი ღილებით-173 ცალი და 40- ლურჯი ფერის ჟილეტი.

“მაისური მუქი ფირუზისფერი ლურჯი, მოკლე მკლავით, სწორი სილუეტით; უნდა იკვრებოდეს 3 ცალ ლურჯ ღილზე,ჟილეტი-მუქი ლურჯი(ნაცრისფერი ელფერით), უნდა იკვრებოდეს ლურჯი ფერის ელვა შესაკრავით, რომელიც უნდა დაიფაროს სარქველით, რომელსაც უნდა ჰქონდეს 5 ცალი მუქი ლურჯი მეტალის კნოპი. კეპი 6 ნაჭრიანი; მუქი ფირუზისფერი ლურჯი, ჩაკერებული უნდა ქონდეს ღია ცისფერი კანტები. შუბლზე მდოგვისფერი ძაფით ამოქარგული უნდა იყოს ორ მწკრივად შესრულებული წარწერა ტრანსპორტის სამსახური”, -წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ინფორმაციისთვის, გამოცხადებული ტენდერი 2 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული მომსახურების შესრულება 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.