ავშნის ქუჩასა და შესახვევებში აქამდე კანალიზაციის ცენტრალური სისტემა და ასფალტის გზა არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კანალიზაციის ქსელი და დაერთებები, შეიცვალა წყალსადენის მილები და 13 000 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კერძოდ, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტის ახალი საფარი.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ავშნის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები, ნაძალადევის რაიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.
„ძალიან მასშტაბური პროექტი სრულდება. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, ვინაიდან ასეთი კეთილმოწყობილი გზა აქ არასდროს ყოფილა. დიდი მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნას ადეკვატურად უპასუხა ნაძალადევის გამგეობამ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 950 000-მდე ლარს შეადგენს.