ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ახლად დამტკიცებული ალგეთი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების დაფინანსების პროექტით იზრდება ამ უწყების დახმარება ქვეყნისადმი. ამასთან ერთად, ხდება საგზაო კავშირის გამყარება სომხეთსა და აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი ქარსელაძე EIB-ის გუნდს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მიხარია, რომ გიზიარებთ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას. 2007 წლიდან ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯამური კაპიტალდაბანდება საქართველოში 2 მილიარდ ევროს მიუახლოვდა. ამ რესურსის 80% მიმართულია ქვეყნის ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რაც მოიცავს გზებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს, მუნიციპალურ განვითარებას და ბევრ სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურას.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და მოდერნიზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ქვეყანაში ხორციელდება. ახალი კორონავირუსით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდთან ერთად, მოვახერხეთ გაგვეხსნა ამ მაგისტრალის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რითაც გაუმჯობესდა დაკავშირებადობა და საგზაო უსაფრთხოება. ამჟამად, მშენებლობის პროცესშია გზატკეცილის 6 სხვა მონაკვეთი. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ახლადდამტკიცებული ალგეთი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების დაფინანსების პროექტით იზრდება ამ უწყების დახმარება ქვეყნისადმი.
ასევე, საგზაო კავშირის გამყარება ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანთან. 150-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე განსახორციელებელ სამუშაოებს EIB აფინანსებს. უღრმესი მადლიერება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ევროპის საინვესტიციო ბანკის მთელი გუნდისადმი უწყვეტი მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.