მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავდა მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვას, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას.
დავით ნოზაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მუნიციპალიტეტები აქტიურად ჩაერთვებიან.
„ბატონი ამირან გამყრელიძისგან მივიღეთ რეკომენდაციები ვაქცინაციასთან, ასევე რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით. რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობა ვაქცინაციისა და იმ რეგულაციების აღსრულების პროცესში, რომელსაც შესაბამისი უწყებები აწესებენ, იქნება მაღალი“, -განაცხადა დავით ნოზაძემ.
„მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შედარებით ნაკლებად დაზიანებული მხარეა, სხვა რეგიონებთან შედარებით. ეპიდემიის პერიოდში, ყველა სამსახური საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოტივირებულები არიან, რომ მთავარი პროცესი რასაც ჰქვია ვაქცინაცია, განახორციელონ ჩვენთან ერთად. შეხვედრის დროს, დამსწრე საზოგადოებას მოვახსენე დღევანდელი იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ. ასევე, ვისაუბრე იმ ვაქცინებთან დაკავშირებით, რაც დღეს არის ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მცხეთა-მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტში თითო ამცრელი ჯგუფი იმუშავებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მცხეთის სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსაც ეწვივნენ.