ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებმაც 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივიდა. შენობაში შესვლა მათ საპროტესტო აქციის ფონზე მოუწიათ.
შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“
ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „გირჩის“ წევრს, ვახო მეგრელიშვილს „არაკაცი“ უწოდეს.
„ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ უკვე გათავისუფლდება გიორგი რურუა და მოხდება ამნისტია. მისი თქმით, ოდნავი რისკიც კი არ არის, რომ დამნაშავეები გათავისუფლდნენ ამნისტიით.
აქციის მონაწილეებს შორის არიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულებიც.
ისინი აპროტესტებენ ამნისტიის კანონს, რომელიც შეთანხმებით არის გათვალსიწინებული და რომლის მიხედვითაც, შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია იმ პოლიციელებს, რომლებიც გავრილოვის ღამეს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ, ასევე, ბრძანების გამცემ პირებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველაზე, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არ შეეხება კონვენციურ მუხლებს.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იყო. მათი ნაწილი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შედის.