2020 წლის დეკემბერში, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, ფონდ FEXTE-დან (ტექნიკური ექსპერტიზისა და გამოცდილებების გაცვლის ფონდი) დაფინანსებული 300 000 ევროს ოდენობის გრანტი დაამტკიცა. აღნიშნული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მხარდასაჭერად გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო საქართველში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური დახმარების პროგრამის უპირველესი მიზანი უფრო თანამედროვე და ფერმერთა შემოსავლების ზრდის განმაპირობებელი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2020 წლის ოქტომბერში, AFD-ს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების სექტორის ექსპერტების მონაწილეობით ადგილზე განხორციელებული მისიის შედეგად განისაზღვრა ამ ტექნიკური დახმარების სხვადასხვა შემადგენელი.
„აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი კვლევა სასოფლო სამეურნეო მიწების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემების (სახელდობრ მიწების დანაწილება, ნაყოფიერება, მიწის უსაფრთხოება და ა.შ.) ანალიზის, საქართველოში მიწის მართვის პოლიტიკის ქრონოლოგიისა და მიწის ბაზრის რეგულირების იურიდიული, ინსტიტუციური და ოპერაციული ჩარჩოს ანალიზის შესაძლებლობას შექმნის.
ტექნიკური დახმარება გაეწევა ასევე მიწის მართვის სააგენტოს ორი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში: მიწების მართვის სექტორის დიაგნოსტირება და სააგენტოს ფუნქციონირების მხარდაჭერა.
AFD-ს გრანტი დააფინანსებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის ტექნიკურ პარტნიორებს, სახელდობრ SAFER (ილ დე ფრანსის მიწის მოწყობისა და სასოფლო სამეურნეო საკუთრების კომპანია), IGN FI (კომპანია Geofit და ეროვნული გეოგრაფიის ინსტიტუტი), შორის პარტნიორობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ეს ოპერაცია სრულად ჯდება საქართველოში AFD-ს უფლებამოსილებაში, მხარი დაუჭიროს მწვანე და ინკლუზიურ აღმავლობას სოფლის მეურნეობის სექტორში. სასოფლო სამეურნეო მიწების მართვა მრავალი გამოწვევის წინაშეა. დღეისათვის მიწების მხოლოდ 30% არის ოფიციალურად რეგისტრირებული, ნათლად არ არის განსაზღვრული სასოფლო მიწების სისტემების სტატუსი, ხოლო სამეურნეო ტერიტორიები ძალიან დანაწევრებულია. ეს ყველაფერი იწვევს ნაყოფიერების პრობლემებს და შესაბამისად ფერმერების დაბალშემოსავლიანობას, ისევე როგორც სირთულეებს ნიადაგის დაცვის კუთხით”,- აღნიშნა AFD-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, რაფაელ ჟოზანიმ.
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, თანამშრომლობაში სხვა ეტაპებიც იქნება, რადგან AFD და „ევროპის გუნდი” გააგრძელებენ საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი სასოფლო სამეურნეო პარტნიორობის განვითარებას.
„ერთ წლიანი ჯანდაცვითი კრიზისისა და მისგან გამომდინარე ეკონომიკური გამოწვევების შემდეგ, ცხადია, რომ სოფლის მეურნეობა სტრატეგიული ეკონომიკური სექტორია. საქართველოს ამ სექტორში მნიშვნელოვანი შედარებითი უპირატესობა აქვს, ხოლო საფრანგეთს, როგორ “ევროპის გუნდის” წევრს, დიდი სურვილი აქვს საქართველოს ხელისუფლების ძირითადი პარტნიორი იყოს იმ დროს, როცა ეს უკანასკნელი აღნიშნული სექტორის განვითარებას ცდილობს. ეს სურვილი სრულად ჯდება მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხაზგასმაში, რაც, როგორც საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ისე “ევროპის გუნდის” მთავარი მიზანია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და AFD-ს მიერ განხორციელებული FINEXCOOP პროექტის მეშვეობით, ჩვენ, 2018 წლის შემდეგ, ტექნიკური დახმარება გავუწიეთ მცირე ზომის დინამიკურ ნახევრად-კომერციულ სასოფლო სამეურნეო მრავალ კომპანიას. ფუნქციონირებს 12 საპილოტე პროექტი, ხოლო კიდევ 8 პროექტი წლის ბოლომდე ამოქმედდება. ჩვენ ახლა ამ თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, რომლის ფარგლებშიც AFD 300 000 ევროს გამოყოფს ახლადშექმნილი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მხარდასაჭერად. სააგენტოს ფუნქციონირებისა და მისი სტრატეგიის განვითარების დახმარება, რომლის მიზანიცაა საქართველოში მიწათსარგებლობის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის გამკლავება, თანამედროვე ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს, რომელიც კარგ შემოსავალს მოუტანს ფერმერებს. ჩვენს თანამშრომლობაში სხვა ეტაპებიც იქნება, რადგან AFD და „ევროპის გუნდი” გააგრძელებენ საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი სასოფლო სამეურნეო პარტნიორობის განვითარებას და, ასევე, იმიტომ, რომ ფრანგი კერძო ინვესტორები ახალ ტექნოლოგიებსა და სწავლებებს შემოიტანენ ქართველი თანამშრომლებისთვის, წარმატებული ქართული საწარმოების შექმნის მიზნით, რომლებიც მზად იქნებიან ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტზე გასატანად”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD Group) ახორციელებს საფრანგეთის პოლიტიკას განვითარებისა და საერთაშორისო სოლიდარობის სფეროში. ჯგუფი, შემდგარი: საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან, რომელიც აფინანსებს საჯარო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს; პროპარკოსგან (Proparco), რომელიც აფინანსებს კერძო სექტორს; და მალე, ექსპერტიზ ფრანსისგან (Expertise France), ტექნიკური მხარდაჭერის დარგში, მხარს უჭერს და აჩქარებს უფრო სტაბილური და მდგრადი სამყაროსკენ გადასვლას.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვქმნით საერთო გადაწყვეტილებებს სამხრეთის ხალხებთან და ხალხებისთვის. ჩვენი გუნდები აქტიურად მონაწილეობენ 4000-ზე მეტ პროექტში – საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე, 115 ქვეყანასა და კრიზისულ რეგიონებში, რათა განამტკიცონ „საერთო სიკეთე“, რაც არის კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, მშვიდობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პასუხი, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აღებული ვალდებულების ხელშეწყობისთვის. საერთო სამყაროსკენ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.afd.fr.