სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვბეგვერდზე გამოქვეყნდა 3.3-მილიონიანი ტენდერი, რომელიც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ არის გამოცხადებული. მუნიციპალური სამსახური ამ თანხით მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის 1000 მთვლელის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ტენდერის თანახმად, ერთი მთვლელის სავარაუდო ღირებულება 3,300 ლარით არის განსაზღვრული.
ეს ერთადერთი ტენდერი არ არის, რომელიც მიკროავტობუსებს უკავშირდება. აპრილის დასაწყისში გამოცხადდა 35.9-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” 300 მიკროავტობუსს ყიდულობს. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 29 აპრილს იწყება და 4 მაისს სრულდება.
თბილისის მერია ამ მიკროავტობუსებს, ისევე როგორც მგზავრთა მთვლელებს შესყიდვის შემდგომ “თბილისის მიკროავტობუსის” ჯგუფს გადასცემს. თბილისის მერიის განცხადებით, “თბილისის მიკროავტობუსი” მათ ამ მიკროავტობუსების საფასურს ეტაპობრივად აუნაზღაურებს.
ეს მიკროავტობუსების გადაცემის მეორე ეტაპი იქნება, რადგან 2020 წელს თბილისის მერიამ 300 ლურჯი მიკროავტობუსი უკვე შეიძინა. თბილისის მერიის და თბილისის მიკროავტობუსის გადაწყვეტილებით, ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობის ტარიფი 50 თეთრს შეადგენს.