დავით ნარმანია კრწანისის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

712

თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი, თავდაპირველად, ლეღვთახევში იმყოფებოდა, სადაც კლდის გამოფიტული ქანებისგან გაწმენდის სამუშაოები ტარდება და დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მდინარეზე მსუბუქი კონსტრუქციის გადასასვლელები ეწყობა.

დავით ნარმანია მარნეულის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კლდისცვენის მონიტორინგის გეოტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი მიმდინარეობს, მოგვიანებით კი, ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობისა და ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

კრწანისის გამგეობამ, ზემო ფონიჭალაში, 8 ათასი კვ.მ. ფართობზე, ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. პარკში მიმდინარეობს კუნძულების მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, რის შემდეგაც ბილიკების, მათ შორის ველო და სარბენი ბილიკების, ასევე, განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი ითვალისწინებს შადრევანის, სპორტული და სათამაშო მოედნების მოწყობასაც. პარკის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.
სრულდება სარეაბილიტაციაო სამუშაოები ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ მდებარე ბულვარშიც. 300-მეტრიანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო. რეკრეაციულ სივრცეში მოეწყო ახალი ბილიკები და ველობილიკი ბავშვებისთვის, დეკორატიული განათება და გასართობი მოედნები, აღდგა ამორტიზებული შადრევანი.