გორის ისტორიულ სამეფო ქუჩაზე ქვაფენილს არ დააგებენ

851

ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება, რომ სამეფო ქუჩის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ქვაფენილი დაიგებოდა, ტყუილი აღმოჩნდა. კომპანია ,,იბოლიას” მიერ წარდგენილ ხარჯთაღვრიცხვაში მხოლოდ ასფალტ-ბეტონის სამუშაოებია გათვალისწინებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

პროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ისტორიულ ქუჩის დასაწყისი, ქვაფენილით უნდა მოპირკეთებულიყო. კერძოდ, ქვაფენილი, ძირითადად, სასულიერო გიმნაზიის წინ, ძველი ხიდიდან თამარ მეფის ქუჩის კვეთამდე უნდა გაკეთებულიყო.

სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წლის 24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. როგორც კი არჩევნები დამთავრდა და მაჟორიტარი დეპუტატი გიგი ხოჯევანიშვილი გახდა, ტექნიკაც გაიყვანეს და 2020 წლის 5 დეკემბრამდე არც გამოჩენილა

რაც შეეხება ვადებს, პროექტის მიხედვით, სამუშაოები 7 თვეში, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მაისში უნდა დამთავრდეს.

ტენდერის საწყისი ღირებულება 2 მლნ 053 186 ლარი იყო.

,,იბოლიამ” და მასთან ერთად მყოფმა ორმა კომპანიამ (“შპს “იბოლია” & შპს “ჯორჯიან სტოუნი” & შპს “ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი”) 61 186 ლარით ნაკლები, 1 მლნ 992 000 ლარი შესთავაზა მუნიციპალური განვითარების სააგენტოს.