მეტეხის გვირაბში მასშტაბური პროფილაქტიკური სამუშაო ჩატარდება

499

მეტეხის გვირაბში მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაო იწყება. თბილისის მერიის ცნობით, დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი გაიწმინდება.

დაგეგმილი სამუშაოს გამო, 16 აპრილის 21:00-დან 17 აპრილის 03:00 საათამდე, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდება და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხება. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება.

ადგილზე მობილიზებული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა. სამუშაოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.