ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ

942

ვაკის პარკი პრეფერენციული გადაწყვეტილებების ტიპური მაგალითია. გიგი უგულავას მერობის დროს გაცემულია ნებართვა მიწის ნაკვეთზე, რომელიც არის რეკრეაციული ზონა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში წერია, რომ ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერმა მიიღო სპეციალური, საგამონაკლისო გადაწყვეტილება.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს გიგი უგულავას, რომელზეც შემდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა. სასამართლომ თქვა, რომ კანონიერად არის გაცემული. სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენად მიზანშეწონილია იმ კონკრეტულ ადგილას სასტუმროს აშენება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკი რეკრეაციული სივრცეა, სადაც არ შეიძლება ბეტონის კონსტრუქციების განთავსება. „იქ ადრე არსებობდა რესტორანი და არა სასტუმრო, ამიტომაც ვამბობთ, რომ იქ სასტუმროს მშენებლობას არ და ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ 2011 წელს ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვა გაიცა, აუდიტორულმა კომპანიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულება 5 700 000 დოლარად შეაფასა.

„საუბარია 2800 კვადრატული მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეფასებულია 20 მილიონი ლარად. 20 მილიონი უჯდება ქალაქს ის, რომ არ მივიღოთ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.