ხმალაძე: წარმოუდგენელია უკვე დასრულებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რომელშიც ადამიანს თანხა აქვს გადახდილი და წლებია ცხოვრობს

563

უკანონო შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები არიან ჩვენი მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში იქ აღარაფერი ესაქმება ამშენებელს. შენობა რომ ვერ მიიღება ექსპლუატაციაში და სამართლებრივად არის არასრულფასოვანი აქტივი, ამ პრობლემის პირისპირ დგება მისი მესაკუთრე, რომელიც საერთოდ ვერ აცნობიერებდა შეძენის პროცესში, რომ ყიდულობდა ისეთ აქტივს, რომელიც შემდეგ სამართლებრივად პრობლემური გახდებოდა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.

„როდესაც რაღაც არასწორად კეთდება, დროულად მიუსწრებ და მის პრევენციას მოახდენ – კარგია, მაგრამ როდესაც უკვე დასრულებულია, ადამიანს თანხა აქვს გადახდილი, კრედიტი აქვს აღებული, გასტუმრებული აქვს, ცხოვრობს უკვე წლებია, წარმოუდგენელია ასეთი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. ამიტომ, ჩვენ დავაზღვიეთ მოქალაქეები მომავალში ასეთი ტიპის პრობლემებისგან და დავამძიმეთ პასუხისმგებლობა ასეთი ტიპის დარღვევების მიმართ. აქამდე იწერებოდა ჯარიმა, ეს ჯარიმა იყო ძალიან ცოტა 5 ათასი ლარი. დადგა საკითხი, რომ შემოვიღოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მთელი რიგი დარღვევების პატიებას ითვალისწინებს ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი, მაგრამ უსაფრთხოების საკითხთან გაცილებთ ფრთხილად ვართ. თუ დარღვეულია კონსტრუქციული ნაწილი, რომელიც პირდაპირ უსაფრთხოებაზე გადის, ვითხოვთ აკრედიტებული ექსპერტის უსაფრთხოების დასკვნას“, – განაცხადა ხმალაძემ.