ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ინსტრუმენტით გვაკრიტიკებენ, რომ „სითი პარკი“ გაუშვეს, მაგრამ მიწისქვეშა პარკინგები არ ააშენესო. „სითი პარკის“ ვალდებულება არ ყოფილა საპარკინგე სივრცეების შექმნა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, საპარკინგე სივრცეების შექმნა სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. „რადგანაც რამდენად ხელმისაწვდომია და კომფორტულია პარკირება კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს და პირდაპირ კავშირშია, რამდენად გავზრდით და წავახალისებთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემოდინებას ქალაქში“- განაცხადა ვიცე-მერმა.
მისივე თქმით, ქალაქში არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც საპარკინგე ადგილების მოწყობა საჭიროა.
„სწორედ ამიტომაც იყო ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის ნაწილი, რომ მოგვეწყო საპარკინგე ადგილები, მაგრამ ზოგად ჭრილში რომ შევხედოთ, ქალაქის მასშტაბით პარკირების უფრო კომფორტულ რეჟიმში გადაყვანა ჩვენი პოლიტიკის ნაწილი არ არის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ვიყენებთ სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით და უნდა გამოვიყენოთ სწორად. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წავახალისებთ კერძო მანქანებით მოძრაობს, მაშინ ტყუილად ვავითარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ იმიტომ ვავითარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ მანქანიანმა ადამიანმაც უფრო მეტად მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.