სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე, კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავთ, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აგრარულ სექტორში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა.
„პირველი და უმთავრესი სექტორის განვითარებისთვის მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდაა და ამ იდეის ფარგლებში მთავრობის და პრემიერის გადაწყვეტილებით გაფართოვდა პროგრამა, რომელიც უკვე სახნავი და სათიბი მიწების პრივატიზების საშუალებას იძლევა. ეს ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ ინვესტირება, დაისაკუთრონ მიწები და ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში. ამ სახით, კერძო საკუთრებაში 11 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადავა და შესაბამისად, ბიუჯეტში 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება მობილიზებული და ამ თანხის მიწა სასოფლო აქტივობაში ჩაერთვება. აქვე მინდა დავაანონსო, რომ კომიტეტის ფარგლებში ვგეგმავთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა დაკავშირებული მხარეების ჩართვას ვფიქრობთ, რათა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სახნავ-სათიბი მიწები, საძოვრები და გადასარეკი ტრასები რაც შეიძლება მოკლე ვადაში იდენტიფიცირდეს და ჩაერთოს ეკონომიკურ საქმიანობაში. ასევე მინდა გაგიზიაროთ საქართველოში აგრო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და იმ დაშვებით, რომ ვაქცინაციის პროცესის სათანადო ჩატარებით და ჩვენი თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის მეშვეობით, დასრულდება პანდემია და ტურიზმის სექტორი ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდეს იმ აქტივობის მაჩვენებელს, რითიც ვამაყობდით. ამ პერიოდისთვის კი აგრო ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში კარგი ინფრასტრუქტურა იქნება შექმნილი და ფერმერებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთი წარმოებული და მოწეული პროდუქტი ჩაუშვან აგრო ტურიზმის სექტორსა და ტურისტულ ობიექტებში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში დღემდე რჩება აუთვისებელი და დაუმუშავებელი ადგილები, რაც მყისიერ და ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს.
„სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამრავალფეროვნება, გადამამუშავებელი თუ სასაწყობო ობიექტების რაოდენობის ზრდა, ფერმერული მეურნეობები, მეღვინეობის და მარნების განვითარება ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება სწორ აგრარულ პოლიტიკას და ზოგად გარემოს, რაც ქვეყანაშია შექმნილი სასოფლო-სამეურნეო აქტივობისთვის, თუმცა ამავდროულად, რიგ შემთხვევებში ვხედავთ ადგილებს, რომლებიც ჯერ კიდევ აუთვისებელია სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმ აუცილებლობაზე, რომ რაც შეიძლება დროულად შევიმუშაოთ ინდივიდუალური და მყისიერი მიდგომები და გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებული აგრარული პოტენციალის აღმოჩენას და განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.