იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, ვისაც მერია ბიუჯეტიდან ბინის ქირას უხდის, არ უმჯობესდება,- ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე აცხადებს.
მისი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზე ოჯახებს დამატებაც უწევთ, რადგან სამას ლარად ბინის დაქირავება ფაქტიურად შეუძლებელია.
,,2021 წლის მარტის მდგომარეობით თბილისის მერიის რაიონული გამგეობები 1742 ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფენ. (ძირითადად ოჯახზე 300 ლარია გათვალისწინებული). აქედან 378 ოჯახი ქირით გაყვანილია ავარიული და დანგრეული საცხოვრებელი სახლიდან თუ კორპუსიდან, სადაც სიცოცხლისთვის საშიში პირობებია. ხოლო 1 364 ოჯახს გამგეობები ეხმარებიან ბინის ქირის კომპენსაციით მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გამონაკლისის წესით. თუმცა, როგორც ვხედავთ ე.წ საგამონაკლისო წესით ბინის ქირით უზრუნველყოფილი მოქალაქეების რაოდენობა ოთხჯერ მეტია ძირითადი წესით ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა მოქალაქეების მხრიდან აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე ყოველწლიურად მზარდია, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებული გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით.
ფაქტია ისიც, რომ პროგრამაში ყველა განმცხადებლის ჩასმა ვერ (ხან არ) ხერხდება. თუ 2020 წელს 6 059 106 ლარი გაიხარჯა ამ მიმართულებით თბილისის ბიუჯეტიდან, 2021 წელს 6 701 800 ლარია გათვალისწინებული. უნდა ითქვას ისიც, რომ წლების განმავლობაში იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, ვისაც ბინის ქირას უხდიან ბიუჯეტიდან, არ უმჯობესდება. გამოყოფილ თანხაზე დამატებაც უწევთ ოჯახებს, რადგან სამას ლარად ბინის დაქირავება ფაქტიურად შეუძლებელიცაა იშვიათი გამონაკლისების გარდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მოსაფიქრებელია როგორ გაუმჯობესდეს პროგრამის განხორციელება, რომ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს. კარგი იქნება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე”,- განაცხადა თეონა ჭალიძემ.