საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის შედეგად, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.
დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით უთმელიძემ დაათვალიერეს.
„ამ დასახლებაში ეს ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც შესაძლებელი იყო სკვერის მოწყობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კეთილმოწყობილი, ლამაზი სივრცე შეგვექმნა. ვფიქრობ, ძალიან კარგი სკვერი გამოვიდა, სადაც მოსახლეობა დასვენებას, ბავშვები კი გართობას შეძლებენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვისი+“ შეასრულა. პროექტი საბურთალოს ბიუჯეტიდან 136 618 ლარით დაფინანსდა.