საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, სადაც ე.წ ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ტარდება. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები და იგება რულონური ბალახი. აგრეთვე, სკვერში LED განათების სისტემა დამონტაჟდა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.
„სპორტის სასახლის მიმდებარედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ე.წ ბარაკების ადგილას კორპუსის ნაცვლად, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, რის შემდეგაც, ბარაკების ტიპის საცხოვრებელ სახლებს დემონტაჟი ჩაუტარდა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, უახლოეს მომავალში მოსახლეობას გამწვანებული, კეთილმოწყობილი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა., გაიოზ ვასაძემ.
პროექტს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გრინსერვისი+“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო.