გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ გაასაჩივრა

367

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ერთ-ერთმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა.

კომპანია “ბიზნესტაიმმა” სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია. საქმე ეხება, იატაკის საპრიალებლების და ჭურჭლის სარეცხი საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც სააგენტომ გამარჯვებულად შპს ლა ბელა ჯორჯია გამოაცხადა.

მომჩივანმა კომპანიამ ჩათვალა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი” – 27-ე მუხლის მე-2 პუნქტს.

“მიუხედავად იმისა, რომ “ლა ბელა ჯორჯიამ” ნიმუშები არასათანადოდ წარმოადგინა, სააგენტომ იგი მაინც გამოაცხადა გამარჯვებულად” , – აცხადებს მომჩივანი კომპანია.

დავების საბჭომ აღნიშნული კომპანიის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაასკვნა:

“საბჭო მიუთითებს ბაღების სააგენტოს სატენდერო კომისიას, რომ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებში დეტალურად აღწეროს კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება და მისი საფუძველი. დეტალურად იმსჯელოს შპს „ლა ბელა ჯორჯიას“ მიერ წარდგენილ ნიმუშებთან მიმართებით და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება” , -განაცხადეს დავების საბჭოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დავების საბჭომ სააგენტოს დაავალა მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა, რომლითაც “ლა ბელა ჯორჯია” გამარჯვებულად გამოცხადდა.