გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ავტობუსების რეცხვის მომსახურება შეისყიდა. უწყებამ ხელშეკრულება ინდივიდუალური მეწარმე ზურაბ შატაკიშვილს გაუფორმა. შატაკიშვილს სააგენტომ 185 295 ლარი უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულება 29 მარტიდან წლის ბოლომდე გაფორმდა.
“მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე არსებული 30 ავტობუსის რეცხვის მომსახურება ყოველდღიურად, უქმეების ჩათვლით, სააგენტოს კუთვნილ ბოქსებში, მიმწოდებლის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გამოყენებით”, – ვკითხულობთ სატენდერო პირობებში.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 277 დღეა. გამოდის, რომ თუ კი, ავტობუსები ყოველდღე გაირეცხება, დღეში 30 ავტობუსის გარეცხვა სააგენტოს ბიუჯეტს 668 ლარი და 90 თეთრი დაუჯდება. საშუალოდ, თითოეული ავტობუსის გარეცხვა 22 ლარი და 20 თეთრი დაჯდება.