ცალკე სივრცე მოეწყობა იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც გამოცდაზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ

363

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კვლავ, ცალკე სივრცეების მოწყობა იგეგმება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც გამოცდაზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

როგორც სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ გამოცდებთან დაკავშირებით რაიმე შეიცვლება, საზოგადოებისთვის გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი სივრცეები მოვაწყოთ. თუმცა, თუ რაიმე შეიცვალა, გამოცდებამდე 2-3 კვირით ადრე გვეცოდინება”,- განმარტავს გორგოძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის ისევ ის რეგულაციებია გაწერილი, რაც წინა წელს მოქმედებდა.

„ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ის რეგულაციები, რაც შარშან მოქმედებდა. ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციებს თუ განაახლებს, ეს იქნება, ალბათ, გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას ვთქვათ ზუსტად იგივე რეგულაციები უნდა დავიცვათ, თუ შევცვალოთ”,-აცხადებს გორგოძე.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებს, როგორც ის განმარტავს, კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„მათ მართვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან გვაქვს კომუნიკაცია, თუ არ მოახლოვდა ეს პერიოდი, გაგვიჭირდება ზუსტად ვთქვათ, როგორი მოდელი იქნება, ეს გამოცდებამდე ცოტა ადრე დარეგულირდება”,-განმარტავს გორგოძე.