წვიმა და ბუნებრივი ნალექი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ცუდი ფაქტორია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას ყველა მეწყრულ არეალში, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„პრევენციული ღონისძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით. დღესაც იქ მიმდინარეობს არხების მშენებლობა, სადაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახდება წყლის მასები ვმართოთ. ასევე, არსებობს კონკრეტული და დეტალური საევაკუაციო გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ თუ იმ სიუხვის ნალექი მოვა, რომ ეს მიწის მასა ღვარცოფულ პროცესებში გადაიზრდება. მერიაც და შესაბამისი სამსახურებიც, რომლებიც ჩართული არიან, ყოველთვის მომზადებული ვართ უფრო ცუდი სცენარისთვის, რომ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, რა მოცემულობაც გვექნება იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ არეალს შორის გადის სამი მაღალი წნევის მაგისტრალური წყალსადენის მილი. ეს მილები ამარაგებს დედაქალაქის გარკვეულ ნაწილს და თუ მეწყრული პროცესებით ამ მილებს საფრთხე შეექმნებათ, არსებობს რისკი, რომ აქ დამატებითი წყლის მასა მივიღოთ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად ამ არეალში ე.წ. ჩამკეტი ურდულები გაკეთდეს, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ოპერატიულად მოხდეს ამ მილების წყლისგან დაცლა და ჩაკეტვა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ბენდელიანის თქმით, ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრულ პროცესზე მომუშავე გერმანელ ექსპერტთა ჯგუფს მეწყრული პროცესების გადაჭრაში დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა, ამ მასშტაბის მეწყერზე ერთ ან ორ კვირაში, დეტალური და კომპეტენტური დასკვნის დადება შეუძლებელია.
„უახლოეს მომავალში საბოლოო დოკუმენტი დაიდება, თუმცა პირველადი რეკომენდაციები, გერმანელებისა და ქართველი ექსპერტების ერთობლივი მუშაობით, იყო ის რამდენიმე ღონისძიება, რომელიც გავაჟღერეთ და დღესაც მიმდინარეობს იქ. გერმანელებთან, მიუხედავად იმისა, რომ წავიდნენ, ახლაც გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, ასევე ჩვენს ექსპერტებთანაც და ნებისმიერ საპროექტო გადაწყვეტილებას ერთმანეთთან კოორდინაციაში ვიღებთ. პირველადი საპროექტო გადაწყვეტები, დღეს რაც შეგვიძლია ვთქვათ – მეწყრის მიმდებარედ მიმდინარეობს დროებითი უსაფრთხო გზების მოწყობა, რათა დამონტაჟდეს მონიტორინგის სისტემა. დეტალური დათვლების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, რა მოცულობისა და მასის მიწა უნდა მოჭრას, რათა მეწყერი შემსუბუქდეს. საუბარი გვაქვს წინაღობების შექმნაზეც, რათა ბუნებრივი მდგომარეობა დაებრუნებინა ფერდს. თქვენ იცით, რომ 2009 წელს გაიჭრა მაჭავარიანის ქუჩა და ამ ფერდზე ჩარევა, პროცესი ამის შემდგომაც მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ პირვანდელ მდგომარეობაში დაგვებრუნებინა, გარკვეული მიწის მასა შეგვეტანა, რომელიც მეწყრული მასის წინაღობის ეფექტს შექმნიდა. ეს საშუალებას მოგვცემდა შედარებით დასტაბილურებულიყო მეწყერის გადაადგილება და კონკრეტული სამუშაოები დაგვეწყო ამის შემდგომ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.