გორის მერია: სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

370

გორში, სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იცვლება საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები.

“ქალაქის ერთ – ერთი ისტორიული ქუჩის სიგრძე 660 მეტრია.  პროექტი, რომელზეც 2 მლნ. ლარზე მეტი გაიხარჯება, ყველა კომუნიკაციის გამოცვლასა და გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.  გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება გარეგანათება, ნაგვის ურნები და ქვის სკამები”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად შპს “იბოლია” 1992000 ლარად ასრულებს.