სოფელ-სოფელ: ქვემო ხოდაშენში

3295

ავტორიანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

ქვემო ხოდაშენი პირველად წინანდლიდან დავინახე. 2020 წლის მაისი იყო, პანდემიის პირველი ტალღის შეზღუდვების პერიოდი. მე და ჩემი საოჯახო „კლასტერი“ სახლში ჯდომისგან გაბეზრებულები, მანქანით ხან ტყისკენ და ხან სოფლების განაპირა მინდვრებისკენ მივდიოდით სასეირნოდ და წინანდლის თავშიც ასე აღმოვჩნდით. ვიდექით დოლიაურის ხევის პირას, მუხნართან გაშენებული ვენახის კიდეებთან და ხევის მეორე მხარეს ძალიან მხატვრულ პეიზაჟს გავყურებდით.  ჩემი ბიძაშვილი, ლია, წინანდლელია და სწორედ მან მითხრა, რომ გაღმა სოფელი ქვემო ხოდაშენია, მანდ, სოფლის თავში, ადგილია, ქოჩორა მუხას ეძახიან, ადრე  საკავშირო მნიშვნელობის პიონერთა ბანაკიც იმართებოდა ხოლმეო. საოცრად მომინდა გაღმა მოხვედრა და წავედით.

ქოჩორა მუხისკენ (მუხა სიბერემ უკვე წლებია, წააქცია, თუმცა, ადგილის სახელწოდება ასევე შენარჩუნდა) გზა კითხვა-კითხვით გავიკვლიეთ და სოფელს ზემოთ ავუყევით. ერთი მოსახვევი და მოულოდნელობისგან გული შემიხტა: წინ ფერდები, ფერდებს მიღმა – ტყეები, დამუშავებული მიწა, გაღმა – წინანდლის ვენახები, ერთ მხარეს – ძველი ნანგრევები (ამ ადგილს საყარაულოს ეძახიან) და მეორე მხარეს, მინდორზე, პატარა ეკლესია ლამაზი სამრეკლოთი (მოგვიანებით ვიგებ მის სახელსაც –  „ლაშარე“) და გარშემო ძველი, ქვის საფლავებით. მინდვრებში ადამიანები ფუსფუსებდნენ, გადაძახილი ისმოდა. ამ შესანიშნავი ადგილიდან გზა მაღლა გრძელდება, ფიჭვნარისკენ. ფიჭვნარს იფნარი მოსდევს, მერე კიდევ, ყაყაჩოშერეული ყანებისა და მინდვრების გავლით, გრუნტი გზა დაბურული ტყისკენ მიიკლაკნება.

ამ მინდვრებსა და ტყეებში, თურმე, უამრავი ნასოფლარი, ძველი სამარხი და ნანგრევია შემორჩენილი; ადრე სოფელი ზემოთ, ტყის პირას სახლობდა, თუმცა, კახეთის რკინიგზის გაყვანამ (1913-1915 წწ.) და ლეკიანობით გამოწვეული საფრთხის შემცირებამ სოფელს ბარში ჩამოსახლებისაკენ უბიძგა, ნასახლარები კი ნელ-ნელა მიწამ და ტყემ დაფარა.

 

ასე შემთხვევით მოვხვდი ქვემო ხოდაშენში და ფიქრი მის სანახებზე, მოშრიალე წიწვოვან ტყესა თუ  ფერდებზე საგაზაფხულო სამუშაოსთვის შესეულ, მოფუსფუსე ადამიანებზე დიდხანს გამყვა. ამასობაში საგანგებო მდგომარეობაც დასრულდა და გადავწყვიტე, ჩემი რეგულარული სასოფლო გასვლები განმეახლებინა, რომლის მიზანიც საქართველოში მოქმედი სათემო ჯგუფების აღწერა (CBO Mapping) და ერთიანი ბაზის შემუშავება გახლდათ. კახეთის სავარაუდო სიას ჩავხედე და სიხარულით აღმოვაჩინე, რომ სათემო ჯგუფი ქვემო ხოდაშენიც არსებობს. გადაუდებლად დავგეგმე ჩასვლა და ტელეფონით საუბრისას ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ისიც ვუთხარი, თუ როგორ ერთი ნახვით შემიყვარდა მათი სოფლის თავში მდებარე მინდორ-ველი და ტყეები სულ რამდენიმე კვირის წინ. ქვემო ხოდაშენში ჩასულს თამუნა ხალიჩაშვილი და თამუნა ბეჟანიშვილი დამხვდნენ, იმ ადგილობრივი სათემო ჯგუფის წევრები, უკვე რამდენიმე წელია, სოფლის სასიკეთო ცვლილებისთვის რომ ირჯებიან.

ასევე, დაგაინტერესებთ: სამი ქალი სამიქაოდან და თემისთვის მუშაობის სიხარულის ამბავი

 

ქალთა საინიციატივო ჯგუფის სამუშაო ორი ოთახი მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. ოთახები გარემონტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. ადმინისტრაციული შენობა დიდ სკვერში მდებარეობს, აქვე ახლოს ყოფილა სკოლაც, ბაღიც, სტადიონიც, მეორე მსოფლიო ომის შინმოუსვლელთა მემორიალიც. სკოლა და ბაღი, სხვა ბევრი სოფლის მსგავსად, აქაც ერთადერთ ცოცხალ უჯრედს წარმოადგენს. საინიციატივო ჯგუფს სამომავლოდ ბაღის შენობაში ერთი თავისუფალი ფლიგელის კეთილმოწყობა უნდა, რათა სოფელს თავშეყრის, კრების ჩატარების, სათემო პრობლემებზე მსჯელობის ადგილი ჰქონდეს. ეს, ჯერ-ჯერობით, სამომავლო გეგმა, ან უფრო ოცნებაა.

სოფლის შესასვლელში მდებარე ეს ტერიტორია, სადაც ამდენ საჯარო ობიექტს მოუყრია თავი,  ხედვის, სურვილის და ძალისხმევის შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სათემო ცენტრად შეიძლება განვითარდეს, სადაც ახალგაზრდებსაც მიუწევთ გული და – არა მარტო ქვემო ხოდაშნელებს. გარდა თავშეყრისა, მაგალითად, სკვერმა სამომავლოდ კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც შეიძლება უმასპინძლოს. ღია საღონისძიებო სივრცეების მნიშვნელობა, თუნდაც სეზონური, პანდემიამ ნათლად დაგვანახა.

სათემო ჯგუფთან სტუმრობისას, მათი ინიციატივითა და ძალისხმევით, შენობის თავზე  მზის ენერგიის ბატარეების განთავსებისთვის ემზადებოდნენ; გარდა იმისა, რომ ეს სათემო ორგანიზაციას თბილი წყლის პრობლემას გადაუჭრის, პროექტი  მზის ენერგიის სისტემების პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად. გარემოსდაცვითი საკითხები, ამ მხრივ ახალგაზრდებთან  მუშაობა, ცნობიერების ამაღლება და სოფლად დასუფთავების აქციები, ქალთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა, არა მარტო.

ჩემს მასპინძლებს განსაკუთრებით ის აწუხებთ, რომ სოფლად არც კულტურის სახლი არსებობს და შესაბამისად, არც კულტურის ღონისძიებებით და პროგრამებით არის განებივრებული სოფლის მოსახლეობა. ქვემო ხოდაშნელ ახალგაზრდებს სხვადასხვა წრეზე მეზობელ სოფელში – წინანდალში ან თელავში უწევთ სიარული. თუმცა, უშუალოდ ქვემო ხოდაშენშიც რომ მოქმედებდეს პატარა სათემო განათლების ცენტრი, რომელიც მეტ-ნაკლები სისტემატიურობით შეძლებდა თემისთვის კულტურისა დ არაფორმალური განათლების სერვისების მიწოდებას, ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. ქალთა საინიციატივო ჯგუფი, თავისი მწირი რესურსითა და დიდი ენთუზიაზმით, ცდილობს, ოდნავ მაინც შეავსოს ამ მხრივ არსებული სიცარიელე; თავის სამუშაო სივრცეს ისინი ხან საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრებს უთმობენ და ხანაც  კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობენ, მაგრამ სოფლად კულტურის ცხოვრების და განსაკუთრებით, ახალგაზრდების განვითარებისათვის ეს საკმარისი არ არის.

ქვემო ხოდაშენი მცირე ბიზნესის კუთხით ძლიერი სოფელი არ არისო, – მასპინძლები მეუბნებიან, მითუმეტეს, მეზობელი წინანდლის ფონზე, სადაც ბოლო წლებში მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ქვემო ხოდაშენში კი, მცირე მარნების,  საოჯახო სასტუმროების, ან სხვა რაიმე სამეწარმეო წამოწყებების მხრივაც ჯერ ახლა იწყება პირველი ნაბიჯების გადადგმა და იმისათვის, რომ საქმე შეუფერხებლად წარიმართოს, სოფლად წყალმომარაგების მტკივნეული პრობლემა უნდა გადაიჭრას. ადრე გზების პრობლემა იდგა, რაც, მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, მეტ-ნაკლებად  უკვე მოგვარდა, უწყლობის გამო კი, სასტუმროები კი არა, ზოგჯერ ბოსტნის შენარჩუნებაც უჭირს მოსახლეობას, უხმებათ.

სხვა მხრივ კი, სოფელში სანახავ-სასეირნო ბევრია! ტყეში გრძელი სეირნობების მოყვარულთათვის აქაურობა ნამდვილი მისწრებაა. სოფელში და მის შემოგარენ ტყეებში დარჩენილი ისტორიული ძეგლები კი, შიდა საფეხმავლო ტურების განვითარების მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა. ცოტა სათემო ცენტრის მონდომება, ცოტა სოფლის ახალგაზრდების ენთუზიაზმი, მუნიციპალიტეტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა და ქვემო ხოდაშენი ერთ-ერთ საინტერესო და სასიამოვნო მოსანახულებელ სამიზნედ იქცეოდა. სათემო ცენტრი კი განვითარების ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა სოფლის მცხოვრებლებისთვის საჭირო კონსულტაციების გაწევისა და არაფორმალური განათლების შეთავაზების მხრივ. ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

პ.ს. სანამ სოფელში გადავუხვიეთ, ცენტრალურ გზაზე სპარტაკ შიგარდელაშვილი გავიცანით. ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი, გზად ღვინის ბოთლის დასადები, მცირე ზომის ურმები და სხვა ნაკეთობები გამოეტანა. ამ მშვენიერი ხის ნაკეთობების შეძენა სწორედ მასთან შეგიძლიათ. ქვემო ხოდაშენში. რა კარგი იქნებოდა, ბატონ სპარტაკის პატარა სკოლა-სახელოსნოც რომ ჰქონდეს! თქვენ კი, თუ ქვემო ხოდაშენში ჩაივლით, არ დაიზაროთ, ცენტრალური გზიდან სოფლის თავისკენ აისეირნეთ და დიდებული სანახებით დატკბით.

რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.