კალაძე: გააფრთხილეთ თანამშრომლები, კორუფციასთან ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისოები

427

ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდოს და არასწორად იმოქმედოს, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა ყველას ყურადღებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.

„მინდა, გამოვეხმაურო მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს, ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში და არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კანონს თავი აარიდოს და არასწორად იმოქმედოს.

მე მინდა, ჩვენი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ამ მიმართულებით ჩვენ ვაკეთებთ და ზოგადად სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდანაა დანერგილი შესაბამის სამსახურებთან ერთად ეფექტურად მუშაობს და ეს შედეგი სამწუხაროა, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება.

შესაბამისად მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ყველა იყოს ყურადღებით და ყველამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს“, – განაცხადა კალაძემ.

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს.