სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

550

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

მათივე ცნობით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.