NGO-ები გორის მერიას ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის შეცვლას სთხოვენ

516

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გორის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციებით მიმართავენ და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის გაჯანსაღებას სთხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

კერძოდ, როგორც NGO სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე, რაც თანხების არამიზნრობრივად და არაეფექტიანად ხარჯვის ეჭვებს აჩენს.

გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ მიერ მომზადებული მასალის „გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის ხარვეზები“ საპასუხოდ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ის რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა გათვალისწინებაც მათივე თქმით, ხარვეზების ნაწილს აღმოფხვრის.

მათი რეკომენდაციები დიდწილად ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა აყვანის რეგულირებას ეხება.

“გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის და დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საჭიროდ მიგვაჩნია:

1. თითოეულმა ა(ა)იპ-მა უნდა გაწეროს წლიური სამოქმედო გეგმა და შესაბამისად, განსაზღვროს, კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად რამდენი, რა კვალიფიკაციის და რა დატვირთვით მომუშავე თანამშრომელი სჭირდება. აუცილებელია, ეს ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მარტივად ჰქონდეს მისი ნახვის შესაძლებლობა. შესაძლებელია, ეს ინფორმაცია განთავსდეს მერიის ვებ.გვერდზე, ა(ა)იპ-ების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებთან ერთად.
2. ახალი თანამშრომლის აყვანის საჭიროება ა(ა)იპ-მა უნდა დაასაბუთოს აღნიშნული სამოქმედო გეგმით გაწერილ ამოცანებზე დაყრნობით;
3. ახალი თანამშრომლის შერჩევის და აყვანის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამისთვის, წინასწარ უნდა შემუშავდეს თანამშრომლის აყვანის წესი, გაიწეროს პროცედურები და ეს დოკუმენტიც გახდეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
4. თითოეული ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს მაქსიმალურად, ყველა შესაძლო ფორმით (განცხადების გამოკვრა საინფორმაციო დაფებზე, გამოქვეყნება მერიის ან/და ა(ა)იპ-ის ვებ.გვერდზე, ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელით). ეს წესი უნდა მოქმედებდეს როგორც შტატიან ისე შტატგარეშე ერთეულებზე.
5. თანამშრომლის შესარჩევად გაოცხადებული კონკურსის შესახებ გავრცელებული განცხადება უნდა მოიცავდეს სამუშაოს აღწერას, თანამშრომლისთვის საჭირო კვალიფიკაციის და უნარების აღწერას, ანაზღაურების ოდენობას და კადრის შერჩევის პროცედურებს.
6. კომისიის შემადგენლობა, რომელიც კადრების შერჩევაში მონაწილეობს, უნდა იყოს საჯარო.
7. მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს (მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) უნდა ჰქონდეთ კონკურსის მონიტორინგის შესაძლებლობა ყველა ეტაპზე. მათ შორის, ოფიციალური წერილის საფუძველზე, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დასწრება.
8. კონკურსის დასრულების შემდეგ, კომისიამ უნდა დაწეროს დასკვნა მიღებული გადაწყვეტილების და მისი საფუძვლების შესახებ. ეს დასკვნა საჯარო უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის.”

სარეკომენდაციო წერილი 10-მა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეიმუშავა:

ქეთევან ბებიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი
თეა თედლიაშილი, სამართლიანი არჩევნები
მიხეილ ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრი
ნიკა წიქარიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
იოსებ მეზვრიშვილი, ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება
თამარ ედიშერაშვილი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
დარეჯან მურადაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ანა ჯებისაშვილი, მეგობრობის ხიდი – ქართლოსი
მარიკა მღებრიშვილი, საზოგადოება – ბილიკი

რეკომენდაციების შემუშავება და გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში მოხდა. პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” “ევროპის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.