“თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ასახული მონაცემები შეიცავს არსებით უზუსტობებს,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც დედაქლაქის ბიუჯეტს ეხება.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემური ხარჯების კლასიფიკაციის საკითხია, რომელსაც მერიის სხვადასხვა უწყებები და გამგეობები განსხვავებულად აღრიცხავენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს იმ კორექტირებებსაც, რომლებიც უწყების შეფასებით, ფინანსური ანგარიშის სისწორეში მოყვანისთვის არის აუცილებელი. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ბიუჯეტის ხარჯების მუხლში მერიის მიერ წარმოდგენილსა და მათ მიერ სწორი კლასიფიკაციით დათვლილ თანხებს შორის სხვაობა 4.4 მილიონი ლარია. უფრო დეტალურად ეს მაჩვენებლები ასე გამოიყურება:
- ბიუჯეტის “ხარჯების” კოდი – 710,069,000 ლარი მერიის ინფორმაციით, 705,660,000 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით. სხვაობა 4,409,000 ლარი.
- ბიუჯეტის “საქონელი და მომსახურების” კოდი – 137,144,000 ლარი მერიის მონაცემებით, 132,564,000 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით. სხვაობა 4,580,000 ლარი.
- ბიუჯეტის “სხვა ხარჯების” კოდი – 135,264,000 ლარი მერიის მონაცემებით, 135,435,000 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით. სხვაობა -171,000 ლარი.
- “მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული” – 30,675,000 ლარი მერიის მონაცემებით, 30,792,000 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით. სხვაობა -117,000 ლარი.
- “კაპიტალური ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული” – 104,598,000 ლარი მერიის მონაცემებით, 104,652,000 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით. სხვაობა -54,000 ლარი.
- “არაფინანსური აქტივების ზრდა” – 282,821,000 ლარი მერიის მონაცემებით, 287,230,000 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით. სხვაობა -4,409,000 ლარი.
რას უკავშირებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასეთ სხვაობას:
“ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების ჩაშლილ ფორმაში − „სხვა საოფისე მცირეფასიანი ინვენტარის შეძენასა და დამონტაჟებასთან დაკავშირებული ხარჯის“ მუხლის შესრულება 1,650.8 ათასი ლარია. აღნიშნული მუხლით შესყიდულია სხვადასხვა ტიპის ინვენტარი, საერთო ღირებულებით − 1,283.8 ათასი ლარი, რომელიც არ წარმოადგენს საოფისე ინვენტარს. ამდენად, ხარჯების დასაფინანსებლად მიზანშეწონილი იყო „სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯის“ მუხლის გამოყენება. გავლენა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების ჩაშლილ ფორმაში − „სხვა საოფისე მცირეფასიანი ინვენტარის შეძენასა და დამონტაჟებასთან დაკავშირებული ხარჯის“ მუხლი გაზრდილია 1,283.8 ათასი ლარით. იმავე თანხით შემცირებულია „სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯის“ მუხლი.
გლდანის, ვაკის, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონებმა 8 ხელშეკრულების ფარგლებში, შეისყიდეს ფიტნესტრენაჟორები და მისი მონტაჟისთვის ტერიტორიის მოწყობა, საერთო ღირებულებით – 775.7 ათასი ლარი. ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული ხარჯები დაფინანსებულია „სპორტული საქონლის“ მუხლიდან.
დიდუბის, მთაწმინდის და ნაძალადევის რაიონებმა ფიტნესტრენაჟორები შეისყიდეს 7 ხელშეკრულებით, ღირებულებით – 1,124.0 ათასი ლარი. აქედან ტრენაჟორების შესყიდვა დაფინანსებულია მუხლით „სპორტული საქონელი“, ხოლო მოედნის მოწყობის თანხები გაცემულია მუხლით − „სხვა ნაგებობები, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“. ასევე დიდუბის რაიონმა გამოყო 500 ლარზე ნაკლები ღირებულების ტრენაჟორები და დააფინანსა მუხლით − „სხვა საოფისე მცირეფასიანი ინვენტარის შეძენასა და დამონტაჟებასთან დაკავშირებული ხარჯი“;
სამგორის რაიონმა წლის დასაწყისში შესყიდული ტრენაჟორებისა და თანმდევი მომსახურების ნაწილი დააფინანსა მუხლით − „სხვა მანქანადანადგარები და ინვენტარი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“, ხოლო დანარჩენი ნაწილი დააფინანსა „სპორტული საქონლის“ მუხლით. მიზანშეწონილია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის შესრულების პროცესში დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ერთგვაროვან მიდგომას და არჩეული საბიუჯეტო აღრიცხვის პოლიტიკის დაცვას, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.