გაერო-ს განვითარების პროგრამამ ფოთში ტურისტული და სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურა მოაწყო

770

ფოთში, „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ საკონფერენციო დარბაზში, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – ფაზა 2“-ის ფარგლებში რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფინანსებული საგრანტო პროექტები განიხილეს.

მათივე ცნობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარტოწყალას ტბაზე, სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

„პროექტის ფარგლებში მოეწყო საჩრდილობლები, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრები, პირსი. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების კუთხით“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში რეგიონში ექვსი პროექტი ხორციელდება: ფოთში მარტოწყალას ტბაზე სპორტული თევზჭერის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზუგდიდში ეთნოცენტრის მოწყობა, სენაკში – თოკების პარკი, ამჟამად ხორციელდება მარტვილის აგრობაზრობის პროექტი, მოხდება აბაშაში სოფელ ქოლობანში სავაჭრო სივრცის მოწყობა, მესტიაში კი მოეწყობა კლდეზე ცოცვის ატრაქცია.

დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს შორის, რის შემდეგაც დაათვალიერეს მარტოწყალას ტბაზე განხორციელებული პროექტი.