როგორი იქნება ახალი პარკი ვარკეთილის ხევში – ფოტოები

1440

ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს. რეაბილიტირებული პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

„ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება ძაღლების სასეირნო სივრცე და რა თქმა უნდა, დაირგვება ახალი ხე- მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემითა და განათებებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.