განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის გამოყოფას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

769

განათლებისა სამინისტროდან კულტურისა და სპორტის გამოყოფას საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 79 დეპუტატმა 0-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

აღდგენილი კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსების შესახებ კანონი ორ ჩანაწერს აკეთებს, კერძოდ, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 1.8-მილიარდიანი ბიუჯეტი გაიყოფა ორ მიმართულებად.

მიმართულებები და პროგრამები, რომლებიც განათლების სამინისტროდან გადის, ბიუჯეტით განსაზღვრულ დაფინანსებასაც გაიყოლებს. ამ პროგრამების მოცულობა ამჟამად 300.7 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1.5 მილიარდამდე მცირდება, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი 300.7 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს 300.7-მილიონიანი მიმართულებებია:

  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია – 122.4 მლნ ლარი;
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 69.5 მლნ ლარი;
  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა – 46.9 მლნ ლარი;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა – 30 მლნ ლარი;
  • კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები – 17.1 მლნ ლარი;
  • კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა – 8 მლნ ლარი;
  • სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა – 6.8 მლნ ლარი;

ამ თანხებს სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯებიც დაემატება, რაც განცალკევებული სახით სამინისტროს ოპერირებასთან არის დაკავშირებული. კანონის თანახმად, სამინისტროების გაყოფასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ევალება 10 დღეში განისაზღვროს რა საბიუჯეტო კოდი რა სამინისტროში რჩება, შესაბამისად ახალი უწყების დაფინანსების ზუსტი მოცულობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. კანონი ასევე კორექტირებული ბიუჯეტის შექმნასაც ითვალისწინებს.

აღდგენილ კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკონკურსოდ გადავლენ ის მოხელეები, რომლებიც ამჟამად განათლების სამინისტროს შესაბამის მიმართულებებზე საქმიანობენ. ჯამში, ეს საშტატო ნუსხა 329 თანამშრომელია.

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს, მაშინდელი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის “მცირე მთავრობის” ინიციატივით გაერთიანდნენ. უწყების მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დასახელდა, რომელიც მოგვიანებით მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა.

აღდგენილი კულტურის და სპორტის სამინისტროს მინისტრად თეა წულუკიანი განიხილება, რომელიც ამჟამად პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.