კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა

637

კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.

სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების შემცირების, ტრანსპორტირებისა და მგზავრობის მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებს მოიცავს.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს.  თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მან მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა.

„დედაქალაქში არსებობს რაიონები, კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, მოქალაქეებს საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევთ, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენ, ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით, მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას მოვუხსნით“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კალაძემ, ასევე, პარკინგის სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, როგორც კი მერიაში შევა, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ქალაქში ხდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, პარკინგის სისტემის გაუმჯობესება “ქართული ოცნების”  სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორი პარკირების სისტემის დახმარებით ქალაქის ქუჩები უფრო თავისუფალი იქნება და შემცირდება საცობები.

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის დაპირებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად  3000 ავტომობილზე გათვლილ 10 მიწისქვეშა სადგურის მშენებლობა იგეგმება:

– თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური
– მეტროსადგური „მარჯანიშვილი“
– პუშკინის მოედანი
– თბილისის საკონცერტო დარბაზი
– მეტროსადგური „ისანი“
– ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი
– ქ. თბილისის მერია
– გულიას მოედანი
– მეტროსადგური „ვარკეთილი“
– გეგეშიძის ბაღი

გარდა ამისა, იმისათვის, რომ თბილისის პარკირების სისტემა მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს მძღოლებისა და მოქალაქეებისათვის, შეიქმნება პარკირების მართვის ეფექტური გეგმა, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეითებისა და ველოტრანსპორტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. – აღნიშნა კახა კალაძემ.