ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

934

15 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ევროკავშირმა სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი წარადგინა. პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანი ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაა და   სოფლის სოციო-ეკონომიური განვითარების პროცესში კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების მაქსიმალურ  თანამონაწილეობას ითვალისწინებს.

ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს ანალოგიურ პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ  ხულოს, ქედის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.

სოფლის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. რეგიონებში, უმუშევრობის შემცირებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია  ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან უნდა შემცირდეს.

წყარო: ENPARD