ფოთის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნება” პროტესტის ნიშნად დატოვა

861

ფოთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მაია ჩხარტიშვილმა დღეს ბრიფინგი მოაწყო და მმართველი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ერთ- ერთი დამფუძნებელია და ეს გადაწყვეტილება ფოთში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო.

ჩხარტიშვილის განცხადებით, ფოთის მერი, რომელიც ამავე დროს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეა, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ხელს უშლის.

ჩხარტიშვილმა ბრიფინგი ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა და მას სიმბოლური უწოდა.

,,ჩემი დიდი ძალისხმევით, ეს ობიექტი ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქს გადასცა, რათა აქ სამედიცინო დაწესებულება, ,,ემერჯენსი“ განთავსებულიყო. თუმცა, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე შევიტყვე, რომ მისი გასხვისებაა დაგეგმილი. ამ გუნდში ჩემი ადგილი არ არის. ქალაქის კეთილდღეობისთვის ბრძოლას კი აუცილებლად გავაგრძელებ“,- განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ჩხარტიშვილისთვის, ასევე, მიუღებელია ფოთის მერობის კანდიდატი კურდღელია. მისი თქმით, ის ყოფილი ნაციონალია და მას მხარს არ დაუჭერს. “კურდღელია ის პერსონაა რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2006-2010 წლებში საკრებულოში წარმოადგენდა სააკაშვილის რეჟიმის ახალაიების გაგრძელებას. ხოლო 2012 წელს სოლიდურ თანხებს სწირავდა „ნაცმოძრაობას“ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად”, განაცხადა ჩხარტიშვილმა.

,,ქართული ოცნების“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფოთის მერი ირაკლი კაკულია ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჩხარტიშვილი მმართველი პარტიის წევრი არც არის და შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ დატოვებს იგი მმართველ პარტიას. ჩხარტიშვილი ფოთის მერს ინფორმაციის გადმოწმებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

წყარო: 1tv.gegmtv.ge