გრიგოლ ლილუაშვილი – ბიზნესმენები შემოწირულობას იძულებით არ გასცემენ, მათ სურთ წყნარი ცხოვრების მრავალი წლით გაგრძელება, სწორედ ამით არის გამოხატული ”ქართული ოცნების” მიმართ ინტერესი

728

პოლიტიკურ პარტიებს შორის ”ქართული ოცნება” ნდობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა – ქართულმა საზოგადოებამ მას ნდობის აბსოლუტურად მაღალი მანდატი მისცა, – ასე ხსნის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციას, რომლის მიხედვით ბიზნესკომპანიებიდან ყველაზე მაღალი დაფინანსება ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბიზნეს ობიექტები პარტიას ნებაყოფილობით აფინანსებენ და ნებაყოფლობით გამოხატავენ მისდამი მხარდაჭერას.

”კომპანიების მხრიდან ლოიალურობა გამოხატულია მმართველი პარტიის და არსებული მთავრობის მიმართ. ვისაც ფული და ბიზნესი აქვთ, ის არ არის ჩაყენებული დისკრიმინაციულ რეჟიმში, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. ისინი შემოწირულობას იძულებით არ გასცემენ. მათ სურთ წყნარი ცხოვრების მრავალი წლით გაგრძელება და სწორედ ამით არის გამოხატული ინტერესი ”ქართული ოცნების” მიმართ”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი