,,ევროპული საქართველოდან” თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი იქნება

676

პარტია ,,ევროპული საქართველოდან” თელავის მერობისთვის ლელა მენთეშაშვილი იბრძოლებს.

მენთეშაშვილის ინფორმაციით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტში პენსია 30 ლარით მოიმატებს.

მისივე განმარტებით, საპენსიო დანამატისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

,,ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ პენსიები”, – განაცხადა ლელა მენთეშაშვილმა.

თელავის გარდა, პარტიის ლიდერებმა სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატებიც წარადგინეს.

,,კახეთში წარვადგინეთ ძლიერი კანდიდატები. ჩვენ გვაქვს გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის. გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია-დანამატები და ეს თანხა პენსიის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი დაპირებაა ყველა რაიონში საპენსიო დანამატის შემოღება, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებების აღდგენა, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარება, კანალიზაცია, გზები, გაზიფიკაცია. ამ საკითხების მოგვარება არის საფუძველი იმისა, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთესად”, – განუცხადა knews.ge-ს დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტიას ამ დრომდე წარდგენილი ჰყავდა მერობის ერთი კანდიდატი გურჯაანში. პეტრუზაშვილი პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ წარადგინეს.

,,გოგა პეტრუზაშვილი მუშაობდა გამგებლის მოადგილედ  რამდენიმე წლის წინ, შესაბამისად, იცის ყველა ის პრობლემა, თუ რა სჭირდება რაიონს განვითარებისთვის. უნდა ამუშავდეს დაგროვილი პოტენციალი იმისათვის, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

,,გურჯაანში კახელ გლეხებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან უჭირს. პროდუქტის ფასები და რეალიზაცია ყველა სეზონის პრობლემაა. გარდა ამისა, არის ბევრი სხვა პრობლემა მოსაგვარებელი”, – განუცხადა knews.ge-ს პეტრუზაშვილმა.

წყარო: კახეთისხმა