”კონსერვატიული პარტია” ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს დაკარგავს

1059

”კონსერვატიული პარტია”, რომლის ლიდერებიც დღეს ”ქართული ოცნების” უმრავლესობაში არიან, ადგილობრივ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად წამოდგენილი არ იქნება. შედეგად პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის პრივილეგიებსა და საბიუჯეტო დაფინანსებას დაკარგავს. პარტიის წევრები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ”ქართული ოცნების” სახელით მიიღებენ.

”ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ. მაგალითად თბილისში, მაჟორიტართა შორის სამი კანდიდატი ”კონსერვატიული პარტიის” წევრია. როგორც საარჩევნო სუბიექტი ამ ეტაპზე ჩვენ არჩევნებში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ პარტიის წევრები, როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო ხმის უფლებით ვსარგებლობთ”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ”კონსერვატორთა” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბუკიამ.

”კონსერვატიული პარტია”, როგორც საარჩევნო სუბიექტი, არც 2016 წლის არჩევნებში ყოფილა წარმოდგენილი. პარტია კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა, როცა ”ქართულ ოცნებასთან” ბლოკში იყო წარმოდგენილი.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს ”ქართული ოცნების” უმრავლესობაში მყოფი კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება – ”სოციალ-დემოკრატიული პარტია”.

კვალიფიციური სუბიექტია პარტია, რომელიც საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. დაფინანსების ოდენობის გათვალისწინებით მას შეიძლება ჰყავდეს წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში. კვალიფიციური სუბიექტები წინასაარჩევნოდ უფასო საეთერო დროით სარგებლობენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი