გრიგოლ ვაშაძე: მერიის ავტოპარკს გავყიდი და სასწრაფო დახმარების მანქანებს ვიყიდი

794

ქუთაისი საქართველოს დედაქალაქია, – ასე დაიწყო თავისი მიმართვა “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი კანდიდატურის მხარდამჭერებისთვის წარდგენისას.

მისი თქმით, ქუთაისი ყველა პატრიოტის საზრუნავი უნდა გახდეს. ის ქუთაისელებს ჰპირდება, რომ, მისი გამარჯვების შემთხვევაში, არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ პრეზიდენტი და სამინისტროების უმრავლესობაც ქუთაისში გადავა.

მან ასევე, პირობა დადო, რომ გადაწყვეტილებებს ფართო პოლიტიკური კონსენსუსითა და მოქალაქეთა ჩართულობით მიიღებს, ხოლო მერიაში პრემიებს ვეღარავინ მიიღებს.

ვაშაძემ, აგრეთვე, თქვა, რომ ქუთაისის მერიაში არავის ეყოლება პერსონალური მანქანა და მძღოლი, ის მერიის ავტოპარკს გაყიდის და სასწრაფო დახმარების მანქანებს იყიდის.

ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს წარადგინა.

გრიგოლ ვაშაძე 2008-2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. მანამდე ის ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო. 2008 წლამდე ვაშაძე კერძო სექტორში საქმიანობდა.