საია: კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნება

834

მომღერალ კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერად კენჭისყრა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ბლოკი წარადგენს. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო თვითმმართველობის პროექტის კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა, კახაბერ ცისკარიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნება, თუმცა პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მისი კანდიდატად წარდგენა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა შეუძლია.

„საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის ვადა გასულია, რადგანაც კანონმდებლობით საინიციატივო ჯგუფები არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა დარეგისტრირდნენ და თან წარადგინონ პირის თანხმობა, რომელიც მერობის კანდიდატი იქნება. ამ პროცედურებისთვის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა.

განსხვავებული რეჟიმია საარჩევნო ბლოკებისა და პარტიებისთვის. ისინიც ანალოგიურად ამ პერიოდში უნდა დარეგისტრირდნენ, თუმცა შემდგომ უკვე არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარადგინონ კანდიდატები – ანუ თუ რომელიმე პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტთან ან ბლოკთან გარკვეული მოლაპარაკებები წარიმართება, ჩვენ შეგვიძლია კახაბერ ცისკარიძე კანდიდატად ვიხილოთ“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს მერობის კანდიდატის წარდგენა 21 სექტემბრამდე შეუძლიათ.

მომღერალმა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მოგვიანებით ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ განაცხადა, რომ მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა, რის შესაბამისადაც, ცისკარიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვეღარ იქნება.

წყარო: ინტერპრესნიუსი