რამდენად მაღალია მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში – IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სამ მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

IDFI-ის  ცნობით, ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას სამი ძირითადი რამ აფერხებს:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არასაკმარისი უნარები;

2. გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა;

3. ინოვაციური მიდგომების არარსებობა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილე საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გამოწვევად რჩება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის დონე და უნარები, რაც გარკვეულ შემთხვევებში აფერხებს წარმატებულ დიალოგს.

„კიდევ ერთი გამოწვევაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ შედარებით მოწინავე ვებგვერდები და ისინი აქტიურად იყენებენ სოციალური მედიის საშუალებებს, არ არსებობს მოქალაქეებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და ჩართულობის სისტემური მიდგომა“, – აცხადებენ IDFI-ში.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, შეფასებული სამი მუნიციპალიტეტის პრობლემები ერთგვაროვანია და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას. კვლევისას გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები:

1. პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეების არასაკმარისი უნარ-ჩვევები;

2. მოქალაქეთა შენიშვნების/რეკომენდაციების მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლების არასაკმარისი პოლიტიკური ნება;

3. მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესზე პასუხისმგებელი ადგილობრივი საჯარო მოხელეების არასაკმარისი შესაძლებლობები;

4. მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასრული საკანონმდებლო ბაზა;

5. მოქალაქეთა ინფორმირების და კონსულტირების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ინოვაციების არარსებობა.

იხილეთ კვლევა სრულად

მსგავსი სიახლეები