ზუგდიდში ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ იმსჯელეს

24 ივლისს „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრმა“ და ინტერნეტგამოცემა “TSpress.ge”-მ, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად, გამართეს დისკუსია თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

დისკუსია, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ითვალისწინებდა საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევა, ადგილობრივი არჩევნების წინ თვითმმართველი ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევები და თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გავლენა მოახლოებულ არჩევნებზე.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილმა, იურისტმა ლადო სანიკიძემ, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრისა“ და ინტერენეტგამოცემა “TSpress.ge”-ს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ექსპერტ ირაკლი მელაშვილის შეფასებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით ქალაქის პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ვერ მოხდება, რაც მომსახურების ხარისხის შემცირებას გამოიწვევს. მისივე თქმით, საკრებულოს და მერიას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ ვისი ინტერესი დააკმაყოფილონ უფრო მეტად – ქალაქის, თუ სოფლის მცხოვრებთა.

“ეჭვი მაქვს, რომ ქალაქზე წამოვა ძირითადი თანხები და სოფლები დაიჩაგრება. თუმცა, თუ მაჟორიტარებმა მოახერხეს და თანხები სოფლებისთვის წაიღეს, მაშინ ქალაქი უფულოდ დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდში განხორციელებული პროექტები შემცირდება. ასეთ ვითრებაში ყოველთვის ჯობია, ქალაქი და სოფელი ცალ-ცალკე იყოს და ცალკე დაიგეგმოს ბიუჯეტები. თუკი რაიმე ერთობლივი საქმიანობა აქვთ განსახორციელებელი, შესაძლებელია მისი ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში გაკეთება. მაგალითად, როგორც დასუფთავების სამსახური აქვთ ერთიანი, ასევე შეიძლება სხვა სამსახურების გაერთიანებაც”, – აღნიშნა ირაკლი მელაშვილმა.

მისივე თქმით, შემცირდება გაერთიანებული მუნიციპალიტეტების დაფინანსებაც, რაც ნათლად გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს შეიტანს.

შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოცემული სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამიტომ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანებას დაუჭირეს მხარი.

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებით ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაართვეს.

იურისტ ლადო სანიკიძის განმარტებით, ზუგდიდის საკრებულო არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივ დონეზე, როგორც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, კანონს ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ამაზე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს და არა უფრო მაღალი თანამდებობის პირების მითითებით მოხდეს ამ გადაწყვეტილებების გაუქმება.

მსგავსი სიახლეები