გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია

678

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია.

NDI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციაში ცვლილებების განსახილველად საჯარო შეხვედრები გამართეს. კითხვაზე, დაესწარით თუ არა თქვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რომელიმე შეხვედრას, გამოკითხულთა 2% აცხადებს, რომ დიახ, დაესწრო, 89% აცხადებს, რომ არ დასწრებია, ხოლო 9% აცხადებს, რომ არ იცის.

კითხვაზე – “გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა. აპრილში კომისიამ მიიღო კონსტიტუციის სამუშაო ვერსია. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ?” – გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ ამ პროცესის შესახებ არაფერი იცოდა, 32% პროცესის შესახებ ინფორმირებულია, ხოლო 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

იმ 32%-იდან, ვისაც სმენია კომისიის მიერ კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის მიღების შესახებ, კითხვაზე, აქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, 59%-მა უპასუხა, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, 39%-ს საკმარისი ინფორმაცია აქვს, ხოლო 2%-მა არ იცის, აქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია.

კითხვაზე – “ცვლილებები კონსტიტუციაში სრულად ასახავს, ნაწილობრივ ასახავს თუ საერთოდ არ ასახავს მოქალაქეების შეხედულებებს,” იმ 32%-იდან, ვისაც პროცესის შესახებ სმენია, 47% ფიქრობსს, რომ ნაწილობრივ ასახავს, 6%-ისთვის – სრულად ასახავს, 32% ამბობს, რომ საერთოდ არ ასახავს, ხოლო 15%-მა არ იცის, ასახავს თუ არა.

იხილეთ კვლევა სრულად