რა გამოწვევები ექნებათ მუნიციპალიტეტებს გაერთიანების შემდეგ: დისკუსია ზუგდიდში

879

თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალიტეტების გაერთიანება, ამ გაერთიანების მოსალოდნელი შედეგები და გამოწვევები ის საკითხები იყო, რაზეც დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ექსპერტების, არასამთავრობო სექტორის, თვითმმართველობის წარმომადგენელთა და ოპოზიციის მონაწილეობით.

აუდიტორიის უმრავლესობა, ხელისუფლების გარდა კიდევ ერთხელ შეთანხმდა, რომ გაერთიანება რეალურად ცენტრალიზაციისკენ გადადმული ნაბიჯია, ეს მაშინ, როცა ქვეყანას განვითარებისთვისთვის სწორედ ადგილობრივ დონეზე უფლებების მეტად გაზრდა სჭირდება.

შეხვედრის განმავლობაში რამდენჯერმე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის, ერთსა და იმავე საკითხზე, თვისობრივად განსხვავებული პოზიციების მიზეზით.

ექსპერტის თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, პირველი პრობლემა, რასაც მუნიციპალიტეტების გაერთიანებით მივიღებთ, პრიორიტეტების დაგეგმვაა. მისივე თქმით, საკრებულოს და მერიას მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, უფრო მეტად ვისი ინტერესი დააკმაყოფილონ, ქალაქის თუ სოფლის მცხოვრებთა.

„დიდი ეჭვი მაქვს, რომ ქალაქზე წამოვა ძირითადი თანხები და სოფლები დარჩება. ან პირიქით. თუ სოფლებზე გადანაწილდება და მაჟორიტარებმა გაიტანეს თავისი, მაშინ ქალაქი დაიჩაგრება. ასეთ ვითრებაში ყოველთვის ჯობია ქალაქი და სოფელი ცალ ცალკე იყოს და ცალ ცალკე დაიგეგმოს ბიუჯეტები. თუკი რაიმე ერთობლივი საქმიანობა აქვთ განსახორციელებელი, როგორც დასუფთავების სამსახური აქვთ ერთიანი, ასევე შეიძლება სხვა სამსახურების გაკეთებაც“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ირაკლი მელაშვილის თქმით, შემცირდება გაერთიანებული მუნიციპალიტეტების დაფინანსებაც, რაც ნათლად გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში ბიუჯეტის პროექტს შეიტანს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შემცირდება ასევე სერვისების და მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქის სტატუსს ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიბრუნებს, რადგან ამის გარეშე ქვეყანა ნორმალურ განვითარებას ვერ შეძლებს.

იურისტის, ლადო სანიკიძის განმარტებით, ზუგდიდის საკრებულო არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივ დონეზე, როგორც საქართველოს პარლამენტი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა კანონს ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა ამაზე საჭიროების შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს და არა უფრო მაღალი თანამდებობის პირების მითითებით მოხდეს ამ გადაწყვეტილებების გაუქმება.

„ისევე, როგორც ზუგდიდის მერის მიერ გამოცემულ აქტს საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ძალას ვერ დააკარგვინებს. ეს არის დამოუკიდებელობის გარანტია“, – აღნიშნა ლადო სანიკიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ წარმომადგენელ ეგნატე შამუგიას თქმით, მთელი რიგი დაპირებები იყო ხელისუფლების მხრიდან ეფექტურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც არ სრულდება. მაგალითად დაპირება, რომ შეიცვლებოდა გათანაბრებითი ტრანსფერის გამოყოფის ფორმულა, რითაც გაერთიანების შემდეგ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ შემცირდებოდა. სამწუხაროდ, შეხვედრის მონაწილის თქმით, ეს ასე არ მოხდა.

მანვე აღნიშნა, რომ არც ააიპებ-თან დაკავშირებით შესულა კანონმდებლობაში რეგულაციები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე.

ეგნატე შამუგიასვე თქმით, ის რეფორმას ვერ დაარქმევს ამ ყველაფერს, რადგან რეფორმა ზოგადად უკეთესობისკენ ცვლილებებთან ასოცირდება.

არასამთავრობოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შემთხვევაზე, როცა სამთავრობო კომისიამ არ გამართა კონსულტაცია მოსახლეობასთან, ცვლილებების პაკეტს კი თან დაურთო სხვა ორგანიზაციის მიერ ზუგდიდში გამართული დახურული შეხვედრის ამსახველი მასალა, რომელიც არც საჯარო ყოფილა და მასში არც ადგილობრივ რიგით მცხოვრებლებს მიუღიათ მონაწილეობა. ასევე გუბერნიის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრების ოქმები.

ოპოზიციამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ცვლილების მიღება არის უკან გადადგმული ნაბიჯი და როცა საქმე ქვეყნის განვითარებას შეეხება, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არავინ უნდა იმოქმედოს.

შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები არ გაიზიარა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ. მისი განმარტებით, თვითმმართველის სტატუსი გაერთიანების შემთხვევაში იკარგება, თუმცა ქალაქი იქნება ადმინისტრაციული ცენტრი, ეყოლება მერი და გაძლიერებული საკრებულო, რომელიც გააკონტროლებს მერის საქმიანობას.

„ეს არის უდიდესი და წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც არ ქონდა ამ თვითმმართველობას“, – აღნიშნა მან.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს, დაპირისპირების და პროტესტის ფონზე მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. უფრო ადრე აღნიშნულ წინადადებას მხარი თემის საკრებულომაც დაუჭირა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის“ და ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს ორგანიზებით გაიმართა.

წყარო: ლაივპრესი