კალაძე: თბილისში, კარანტინში მყოფ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს

470

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებულ საკარანტინო ზონებს მოქალაქეთა ნაწილი დღეს დატოვებს.

მისივე თქმით, რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში თბილისში არსებულ სასტუმროებში იყვნენ გადაყვანილები, საკუთარ საცხოვრებელ რაიონში თბილისის მერია გადაიყვანს.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

„საკარანტინო ადგილებს დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს. ასევე, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ თბილისში მყოფი ადამიანები, ვინც სხვადასხვა სასტუმროებში იყვნენ განთავსებულები რეგიონებიდან, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების გადაყვანას თავიანთ საცხოვრებელ რაიონებსა და ქალაქებში“, – განაცხადა კალაძემ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.