გორში ,,სოკარმა” გადასახადის გადაუხდელობის გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო

60

24 მარტიდან იმ აბონენტებს, რომლებმაც გადასახადი ვერ გადაიხადეს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. გადაწყვეტილება გაზის ჩაჭრის თაობაზე მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული – აცხადებენ ცხელ ხაზზე. ამის შესახებ შდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

qartli.ge-ს ესაუბრა რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც დღეიდან ეს შეზღუდვა შეეხოთ. 73-წლის ლენა შოშიაშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადასახადის გადავადების იმედი ჰქონდა:

,,დავალიანება რომ მქონდა ვიცოდი, მაგრამ პენსია ძირითადად საკვების მომარაგებაზე დავხარჯე. ასევე, ქირით ვცხოვრობ, არც კი ვიცოდი, რაზე გამენაწილებინა. მე აღარც სხვა შემოსავალი მაქვს. ყვავილებს ვყიდიდი, ეხლა ვეღარ ვყიდი, დაიკეტა ბაზარი. ამიტომ, აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში” – გვითხრა ლენა შოშიაშვილმა.

საერთო დავალიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მოსახლეობა აცხადებს, რომ თებერვლის თვეში ტემპერატურა არ იყო ისე მაღალი, რომ ბუნებრივი აირის ხარჯებზე ეკონომია გაეწიათ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.