კალაძე: ლილოს თავშესაფარი ნახევრად ცარიელია, ვისაც სურვილი ექნება, ხელს შევუწყობთ და მოვათავსებთ თავშესაფარში

54

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ლილოში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარი ნახევრად ცარიელია და მოქალაქეთა მიღება შეუძლია.

მისივე თქმით, თუ თავშესაფარი გადაივსება, თბილისის მერიას დამატებითი სივრცის მოწყობაც შეუძლია.

„უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება, ითქვას, ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. თუ გადაივსება და შეივსება ადგილები, შემდეგ დამატებით შეგვიძლია, მოვაწყოთ ისე, რომ სხვაგანაც შეგვეძლოს ადამიანების მიღება“, – განაცხადა კალაძემ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.