სტუდენტები განათლების სამინისტროს 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადის გაუქმებას სთხოვენ

101

სტუდენტები საქართველოს პალამენტსა და ეკონომიკის სამინისტროს 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით მანიფესტით მიმართავენ, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზომთ.

“ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის დინება გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტები კი მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი. მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში.

მივმართავთ თხონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეიმუშავოს სპეციალური გეგმა რომლითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მოთხოვნა, მოხდება მათი უფლებების დაცვა და ამავე დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უნივერსიტეტების ფინანსური ზარალი”, – ნათქვამია მანიფესტში.

ამ ეტაპზე, მანიფესტს 329 ხელმომწერი ჰყავს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ დროისთვის, საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-ს აღწევს, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში კი 4 055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252 ადამიანი იმყოფება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.