კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო

1223

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა გამართულიყო, 12 თვით გადადო. ამის შესახებ The Daily Telegraph წერს.

გამოცემის ცნობით, ჯონსონს არჩევნების გადადების რეკომენდაციით საარჩევნო კომისიამ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, პრემიერი მას დაეთანხმა. საარჩევნო კომისიაში ფიქრობენ, რომ არჩევნები, სავარაუდოდ, კორონავირუსის გავრცელების პიკს დაემთხვევა, რის გამოც ბრიტანელების დიდი ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის, ლონდონის მერის, არჩევნები, ჯონსონის გადაწყვეტილებით, 2021 წლის მაისში გაიმართება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 120 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.