გორში სკვერებისა და გამწვანების ზოლების მოსარწყავად ახალი სისტემა დამონტაჟდება

720

გორში არსებული სკვერებისა და გამწვანების ზოლების მოსარწყავად ახალი სისტემა დამონტაჟდება.

გორის მერიის ინფორმაციით, მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.

„პროექტი, რომლის ღირებულება 508 130 ლარია, მაგისტრალური ქსელის მოწყობას და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული ობიექტი ქალაქს ათეული წლების წინ ამარაგებდა წყლით. ამ ეტაპზე კი, ამორტიზებულია და აღარ ფუნქციონირებს.

პროექტით დაგეგმილი სარწყავი სისტემა, რომლის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს, მოემსახურება ახალ ბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ბარათაშვილის სკვერებსა და სტალინისა და აღმაშენებლის გამზირებზე არსებულ გამწვანების ზოლებს. სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება, ასევე, ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღის, თეატრის სკვერის, ახალბაღის, იუსტიციის სახლის მიმდებარედ და შიოს წყაროსთან არსებული).

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებას”, – აცხადებენ მერიაში.