„ქუთაისი გენდერული თანასწორობისთვის“- ამ დევიზით ქუთაისის მუნიციპალიტეტმა კამპანია დაიწყო

70

„ქუთაისი გენდერული თანასწორობისთვის“- ამ დევიზით ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ახალი კამპანია დაიწყო.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მარტის თვეში ქალთა კვირეული აღინიშნება და ამ პერიოდში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპების რღვევა და ქალთა მიმართ ძალადობა.

კამპანიის იდეის გათვალისწინებით, შეირჩა ოთხი განსხვავებული პროფესიის, ასაკის და ინტერესების ქალი: მარიამ მუკბანიანი კადეტია, ლილი ჯუმალი – მოკრივე, ნათია ჩიხლაძე – პარამოფარიკავე, თამთა კაპანაძე კი- გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრი. ოთხივე ქალის ფოტოთი, ქუთაისის სხვადასხვა უბანში განთავსდა.

„უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ ლიცეუმმა გოგონებსაც მისცა შესაძლებლობა სწავლის გაგრძელებისა და მეც შემეძლო ვაჟების გვერდით ღირსეულად მეტარებინა საქართველოს თავდაცვის ძალების ფორმა“,- განაცხადა მარიამ მუკბანიანმა.

„მივხვდი, რომ ფარიკაობა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ იყო ჩემთვის. სპორტის ამ სახეობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი და სტილი“,- აღნიშნა ნათია ჩიხლაძემ.

„უნდა იყო აქტიური და მოტივირებული – ესაა ძირითადი პრინციპები გუგლის დეველოპერთა სტუდენტურ კლუბში მოსახვედრად და მეც სწორედ ამ ნიშნით შემარჩიეს“,-განაცხადა თამთა კაპანაძემ.

„მაშინ, როცა სხვა გოგონები თოჯინებით თამაშობდნენ, მე კრივის დარბაზში დავდიოდი სავარჯიშოდ. საქართველოს ჩემპიონიც სწორედ თავდაუზოგავი ვარჯიშით გავხდი“,- აღნიშნა ლილი ჯუმალიმ.

მერიიც ცნობით, ასაქართველოში, მხოლოდ ბოლო 6 წელიწადში 151 ქალი მოკლეს საკუთარი ოჯახის წევრებმა ან პარტნიორებმა, მათ შორის, ბოლო 2 თვეში – 8 ქალი.