გორის მერიამ სარეზერვო ფონდიდან თანხა ვერც 2019 წელს გახარჯა

743

ბოლო ორი წელია გორის მუნიციპალიტეტის მერია სარეზერვო ფონდში გაწერილ თანხას ვერ ხარჯავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

2019 წლის შესრულების ანგარიშშიც წერია, რომ საანგარიშო პერიოდში თანხის ხარჯვა არ განხორციელებულა. ისევე როგორც, 2018 წელს, რა დროსაც გორის მერიას 280 000 ლარის ოდენობით თანხა აუთვისებელი დარჩა.

სარეზერვო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მთლიანი ოდენობის 2%-ს.

სარეზერვო ფონდი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ნაწილი. ამ ფონდში არსებულ თანხას მუნიციპალიტეტი ხარჯავს მაშინ, როცა მას უწევს გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება.

გაუთვალისწინებელი არის ხარჯი, რომლის გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. მაგალითად: სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

ამ საკითხზე კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა.

“მუნიციპალიტეტში, სადაც ათასობით დევნილი ცხოვრობს, როგორ არ გაჩნდა საჭიროება, რომ მერია მათ თუნდაც ფინანსურად დახმარებოდა?”, – IDFI-ს მკვლევარებს ეს კითხვები განსაკუთრებით გორის მერიის მისამართით დღესაც აქვთ.

მერიაში კი განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტში აღნიშნული ფონდიდან თანხების გახარჯვის საჭიროება წლის განმავლობაში არ ყოფილა.